top of page
Untitled design (4).png

ქალების ჯანმრთელობის საკითხების გაშუქება მედიასა და სოციალურ ქსელებში

დაახლოებით 1 წელზე მეტია, რაც ეკა კვირკველიამ, ექიმმა და რეპროდუქტოლოგმა, სოციალურ ქსელებში  ქალების რეპროდუქციული საკითხებისა და სქესობრივი განათლების შესახებ საგანმანათლებლო ვიდეოების გავრცელება დაიწყო. ეკა მრავალი პირისგან უარყოფით კომენტარებთან ერთად, მკვეთრად აგრესიულ, სექსუალური შევიწროების ხასიათის მესიჯებს იღებდა. საბოლოოდ ის იძულებული გახდა, რომ 5 მარტს საჩივრით პროკურატურისთვის მიემართა. ერთი დღით ადრე კი გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, რომელსაც მისი ონლაინ სექსუალური შევიწროების ამსახველი სქრინები დაურთო.

 

ეკას მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვიდეოებში ის საუბრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, მენსტრუალური ციკლი, სექსტინგის რისკები და ა.შ. გარდა ამისა, ეკა მაყურებელს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის უშუალოდ ქალებისთვის დამახასიათებელ დაავადებებზე, როგორიცაა, მაგალითად, ვაგინიზმი და ენდომეტრიოზი.

"საქართველოში არ ილევა მიზეზები იმისთვის, რომ ისაუბრო ზოგადად რეპროდუქციულ განათლებაზე, რეპროდუქციულ უფლებებზე. ყოველდღე ვუყურებ ნიუსებს და ვხედავ, თუ როგორ კლავენ ქალებს, როგორ აუპატიურებენ ბავშვებს პედოფილები, შშმ პირებს როგორ ექცევიან... მათზე ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის შემზარავ კადრებს ვხედავთ. ვხედავ, რომ ყველა დუმს.

ჩემს პროფესიაში, როცა დავინახე უამრავი გაუპატიურების, ძალადობის შემთხვევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავდი, რომ ისინი ვერც კი აცნობიერებდნენ ამას, არც კი ბრაზდებოდნენ ამაზე - ძალიან გავბრაზდი. ამიტომაც დავიწყე ეს ყველაფერი, დავიწყე ბლოგების ჩაწერა​", - გვეუბნება ეკა.

ტაბუ ქალების რეპროდუქციულ საკითხებზე და მისი გავლენა

საზოგადოებაში სქესობრივ განათლებაზე არსებული ტაბუების გამო, ეკა ვიდეოების გამოქვეყნებიდან მალევე გახდა უარყოფითი კომენტარებისა და პირადი შეტყობინებების ადრესატი. როგორც ეკა კვირკველია გვიზიარებს:​ 

 

"რა თქმა უნდა, ამ საკითხებს ტაბუ ადევს. ზოგადად ქვეყანაში ძალიან დიდი გავლენაა ყველანაირი განვითარების, მეცნიერების თუ ტექნოლოგიის წინააღმდეგ და ხდება მისი დემონიზება. ადამიანებს, ვისაც არ ჰქონიათ სქესობრივი განათლება და გაზრდილი არიან პორნოგრაფიაზე, რაღაც ჭორებზე და მითებზე, ძალიან უჭირთ, რომ აღიქვან ეს ყველაფერი, როგორც განათლება და მისი მნიშვნელობა - დაწყებული რეპროდუქციული უფლებებით, გაგრძელებული ანატომიით, თავდაცვით, ასაკის შესაფერისი სქესობრივი განათლებით და კიდევ უამრავი თემით, რომელსაც ის მოიცავს.

ალბათ ჰგონიათ, რომ ეს არის სექსის პროპაგანდა, რაც შეუძლებელია, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ როგორც გვინდება ჭამა, ისე გვინდება სექსი და ამ ყველაფერს, განსაკუთრებით 18 წლამდე - სწორ კალაპოტში ჩაყენება, სწორი მართვა და ინფორმირება სჭირდება", - ამბობს ეკა.

აღსანიშნავია, რომ ეკა კვირკველია არ არის პირველი ქალი, რომელიც რეპროდუქციულ საკითხებსა და სქესობრივ განათლებაზე საჯაროდ საუბრის გამო, სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა. 2019 წელს სქესობრივი განათლების შესახებ ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი ვიდეოების გავრცელების გამო, გენდერის მკვლევარ ხატია გაბელაიას შეურაცხმყოფელ კომენტარებთან ერთად, სიცოცხლის მოსპობითა და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

შემაშფოთებელია იმის გააზრება, რომ 2019 წლიდან დღემდე, სქესობრივ განათლებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - ძალადობის პრევენციაა, ამ თემებზე ღიად მოსაუბრე ქალები ისევ ძალადობისა და ღირსების შელახვის მსხვერპლები ხდებიან.

"ძალიან ბევრი ტროლი და ორგანიზებული ბოტები ცდილობენ, რა თქმა უნდა, რომ გამაჩუმონ, ძალადობენ ჩემზე ფსიქოლოგიურად და არა მხოლოდ. მამაკაცებიც მიგზავნიან სექსუალური შევიწროვების მქონე ხასიათის სმს-ებს, მათი მასტურბაციის ვიდეოებს და მემუქრებიან. რთულია იყო ქალი და თან საუბრობდე ტაბუდადებულ თემებზე.

ჩემი ცხოვრების (და უსაფრთხოების) წესიც, სამწუხაროდ, შეიცვალა და თვითონ ადვოკატების და პროკურატურის მხრიდანაც მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებას ვცდილობ ქუჩაში გადაადგილებაზე", - ამბობს ეკა.

 

მიუხედავად ყველაფრისა, ეკა კვირკველიას თქმით, ინტერესი ამ საკითხებზე ყველა მხრიდან იგრძნობა, ვინაიდან ესაა ის, რაც ყველას გვაერთიანებს. ხოლო მის საქმიანობაზე უკუკავშირის დინამიკას, საბოლოოდ მაინც დადებითად აფასებს:

"თუმცა, ძალიან დიდი ნაწილი არის დადებითად განწყობილი, მაგრამ ამას არ გამოხატავს კომენტარების და ლაიქების სახით. მეტ-ნაკლებად რცხვენიათ და გამბედაობა სჭირდება მათი მხრიდან. თან სხვადასხვა კომპლექსიანი, გაუნათლებელი ადამიანების გადაკიდება შეიძლება მოჰყვეს, თუ ისინი ნახავენ მათ კომენტარს, ასე რომ პირად შეტყობინებებში გამოხატავენ ძალიან, ძალიან დიდ პოზიტივს," -  გვეუბნება ეკა.

რეპროდუქციული საკითხების გაშუქების მნიშვნელობა

აღსანიშნავია, რომ სქესობრივი განათლების ხელმისაწვდომობა საზოგადოების ზოგად ინფორმირებულობასთან ერთად, ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო წლებში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები გახშირდა: გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2022-2023 წლებში ამგვარი შემთხვევების მაჩვენებელმა 260-ს გადააჭარბა. ხოლო 2024 წლის იანვარ-თებერვალში სექსუალური ხასიათის დანაშაულის მსხვერპლად პროკურატურამ 24 ბავშვი ცნო.

სქესობრივი განათლების ფუნქცია კი, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სექსუალური თანხმობისა და სექსუალური ძალადობის ნიშნების ამოცნობის სწავლებასაც გულისმობს. იუნესკოს კვლევის თანახმად, ასაკის შესაბამისი სქესობრივი განათლების არქონამ, შესაძლოა ბავშვები და ახალგაზრდები უფრო  დაუცველები გახადოს რისკის შემცველი სქესობრივი კავშირებისა და სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ.

დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, არც 2024 წელს იკლებს და რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სულ ამ ტიპის 304 დანაშაულია რეგისტრირებული.

Statistics.png

საზოგადოების ცნობიერება სქესობრივ განათლებაზე

ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი არასამთავრობო ორგანიზაცია - საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრს, "თანადგომას" წარმოადგენს. ორგანიზაცია 2000 წლიდან ფუნქციონირებს, ხოლო 2014 წლიდან თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დანერგვის მიმართულებით საგანმანათლებლო სისტემაში. მაია ასევე არაფორმალური სასკოლო განათლების პროგრამის - "ექიმის საათის" ერთ-ერთი თანაავტორია. როგორც ის ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, პროგრამა 4 ძირითად თემას აერთიანებს: პირადი უსაფრთხოება, ჯანმრთელობისა და ურთიერთობის საკითხები, და გენდერული თანასწორობა. მაიას თქმით, მშობლებს წინასწარ ხვდებოდნენ და აწვდიდნენ ინფორმაციას, პასუხობდნენ კითხვებზე. საბოლოოდ, საპილოტე პროგრამამ ყველა სკოლაში წარმატებით ჩაიარა.

"ბევრ ადამიანს რატომღაც ჰგონია, რომ ეს არის უშუალოდ სქესობრივი კონტაქტების სწავლება, რაც რა თქმა უნდა მცდარი აზრია."

                                                                                                 - მაია ჯიბუტი, ფსიქოლოგი და ორგანიზაცია "თანადგომას" წარმომადგენელი

"თანადგომა" რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზე ავრცელებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სქესობრივი განათლების შესახებ ვიდეოებსა და ტექსტებს. მათ შორისაა ფეისბუქ გვერდი "რეპროდუქციული ჯანმრთელობა", ასევე ტიკ-ტოკსა და ფეისბუქზე "თანადგომა მშობლებს", რომელიც ამ ტიპის ინფორმაციის მშობლებამდე მიწოდებაზეც ფოკუსირდება.

"სანდო ინფორმაციის დეფიციტი არის და მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელ წყაროს ენდოს."

                                                               

                                                                                                                                                               - მაია ჯიბუტი

დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი

საქართველოში ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების გაშუქებაში დიდი წვლილი მიუძღვის არასამთავრობო ფემინისტურ ორგანიზაციებს. მათ შორისაა ფემინისტური მულტიმედიური პლატფორმა "Grlzwave", რომელიც ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ქმნის. მაგალითად, "GRLZEDU"-სა და "#შეიmeცნე"-ს მიზანი ამ საკითხებზე გავრცელებული სტერეოტიპების დამსხვრევა, ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა გოგონებისთვის საერთო პრობლემების გადაჭრა იყო. ხოლო გავრცელებული ინფორმაცია მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მენსტრუაცია, გინეკოლოგთან ვიზიტი, ორსულობა, აბორტი და სხვა. შეიქმნა ვიდეოები, პოსტები თუ გრაფიტები, რომლებიც მარტივი და არაფორმალური ენით ხსნიდა ამ ყოველივეს.

აღსანიშნავია არასამთავრობო ორგანიზაცია "ფემეაც" - სივრცე ქალებისთვის, რომელიც ამ საკითხებს 2021 წლიდან აშუქებს.

"საზოგადოების არაჯანსაღი კულტურული მახასიათებლების აღმოფხვრისა და ცნობიერების ამაღლების ერთ-ერთი მთავარი საშუალება ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა. სწორედ ამიტომ შეიქმნა Femea.ge, სადაც ეტაპობრივად განთავსდება ქართულად, მარტივი და გასაგები ენით დაწერილი სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია ქალების მენტალურ, ფიზიკურ და სექსუალურ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, სექსუალობაზე, ურთიერთობებსა და უსაფრთხოებაზე — ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას განაპირობებს", - ვკითხულობთ მათ ვებ-გვერდზე.

დამოუკიდებელი მედიებიდან კი აუცილებლად სახსენებელია "აპრილი მედია", რომელიც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების გაშუქებას დიდ დროს უთმობს. ბლოგზე გვხვდება მრავალი სტატია, რომელიც ამ თემებზე მკითხველს ამომწურავ, დეტალურ ინფორმაციას აწვდის. 

წაიკითხეთ: "შერცხვენა, ემოციური მანიპულაცია, მუქარა, დაკნინება და სხვა - რა არის სექსის იძულება"

 

 

 

 

რესპონდენტები აცხადებენ, რომ უარყოფითი კომენტარების მიუხედავად, მედიამ თუ არასამთავრობო სექტორმა ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე ღიად საუბარი უნდა შეძლოს, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი გავრცელებული ტაბუს მოხსნა.

"ზოგადად მზაობა არასდროს იარსებებს, თუ არ იქნება ამის შესახებ ინფორმირება."

                                                                           

                                                                                    - ეკა კვირკველია, ექიმი, რეპროდუქტოლოგი

bottom of page